Sunday, 30 November 2014

პირის ღრუს ჰიგიენა იმპლანტაციის დროს

 დღესდღეობით დენტალური იმპლანტაცია, თანამედროვე სტომატოლოგიის  ერთ-ერთი მიღწევა-კბილთა მწკრივის მთლიანობის აღდგენისა, სულ უფრო ფართოდ გავრცელებული მეთოდი ხდება  არა მარტო მთელ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც.
უნდა აღინიშნოს,რომ ძალიან ბევრი პაციენტი ფიქრობს,რომ თუ მას საკუთარი კბილების ნაცვლად უკვე ხელოვნური გვირგვინები და იმპლანტატები აქვს, მაშინ მას აღარ ემუქრება ქვებისა და ნადებების წარმოქმნა,რაც რა თქმა უნდა,მცდარი აზრია.
        რა უნდა იცოდეს პაციენტმა,როცა იგი ემზადება იმპლანტაციისთვის:
იმპლანტოლოგიური მკურნალობის წარმატებული შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული:ქირურგიული მეთოდიკა,იმპლანტატის ბიოთავსებადობა, მისი ინტეგრაცია გარემომცველ ქსოვილებთან და სხვა. პირის ღრუს აგრესიულმა მიკროფლორამ შესაძლოა გამოიწვიოს იმპლანტატის გარშემო ქსოვილებში პათოლოგიური რეაქციები და უარყოფითად იმოქმედოს მის ინტეგრაციაზე. აქედან გამომდინარე, ანთებითი პროცესის პროფილაქტიკა უმნიშველოვანესი საკითხია იმპლანტაციის ყველა ეტაპზე.
დასაწყის ეტაპზე, როცა პაციენტი ემზადება იმპლანტაციისთვის, ექიმმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს შემდეგი საკითხები:
1.რამდენად ერკვევა პაციენტი პირის ღრუს ინდივიდუალური მოვლის საკითხებში და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას. იმიტომ, რომ თუ პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენა არაა დამაკმაყოფილებელი და პაციენტი არაა მზად, შეცვალოს მიდგომა ამ საკითხისადმი, მაშინ ამ დროს ექიმმა უნდა განუმარტოს მას ყველა შესაძლო არასასურველი მომენტი და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. აქედან გამომდინარე, ყველა პაციენტს, რომელიც ემზადება იმპლანტაციისთვის, უნდა ჩაუტარდეს პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა.
2.აუცილებელია  ჩვენების შემთხვევაში, ჩატარდეს კონსულტაცია ექიმ-პაროდონტოლოგთან, რათა მოხდეს არსებული გინგივიტის თუ პაროდონტიტის მკურნალობა და პაციენტი განეწყოს, იმპლანტაციის შემდეგ პროფილაქტიკურ დათვალიერებებზე ვიზიტებისთვის, რადგანაც იმპლანტატის მეზობელ უბნებზე ანთებითი პროცესის არსებობა საფრთხეს უქმნის იმპლანტატსაც და მის შემდგომ ექსპლოატაციის ვადებს არა მხოლოდ ამცირებს, არამედ ზოგ შემთხვევაში, იწვევს იმპლანტატის დაკარგვასაც.

        სტომატოლოგიური იმპლანტაციის ქირურგიული ეტაპები, ისევე როგორც სხვა ქირურგიული მანიპულაციები პირის ღრუში, დაკავშირებულია  ოპერაციის შემდგომ ჭრილობის ინფიცირების საშიშროებასთან, ამიტომ წინასაოპერაციო პერიოდში ექიმის მოვალეობაა, შეამციროს ბაქტერიული გართულებების რისკი.
     მრავალწლიანმა დაკვირვებებმა დაადასტურა რომ მიკრობული ნადები, როგორც რბილი, ასევე მინერალიზებული ქვებიც, გროვდებიან  ხელოვნურ გვირგვინებზეც და იმპლანტატის ყელზეც ( აბათმენტი ) , რაც შემდგომში მიმდებარე ღრძილის და მძიმე შემთხვევებში, იმპანლანტატის გარემომცველი ძვლოვანი ქსოვილის ანთებას იწვევს, ვითარდება მუკოზიტი და შემდგომ პერიიმპლანტიტი, რასაც იმპლანტატის დაკარგავმდეც კი მივყავართ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური და ადრეული სამკურნალო ღონისძიებანი, რათა თავიდან ავირიდოთ არასასურველი შედეგები.
       იმპლანტაციის შემდგომ ეტაპზე აუცილებელია პროფესიული და ინდივიდუალური ჰიგიენის მიზანმიმართული ჩატარება და დაგეგმვა:
-პროფესიული ჰიგიენა:
          პირველ წელს-იმპლანტებზე პროთეზირების შემდეგ ერთი თვის შემდეგ და შემდგომ ყოველი 3-6 თვის შემდეგ.
          მეორე წელს-6 თვეში ერთხელ.
        ამასთან,პაციენტს უნდა განემარტოს, რომ ის ინსტრუმენტები და აპარატურა, რომელიც ნადებების და ქვების მოსაცილებლად გამოიყენება ჩვეულებრივ შემთხვევაში, იმპლანტატებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
-ინდივიდუალური ჰიგიენა:
       თითოეული პაციენტისთვის კბილის ჯაგრისის, პასტის და სხვა საშუალებების შერჩევა და      რეკომენდირება ასევე ექიმ-ჰიგიენისტის ან პაროდონტოლოგის პრეროგატივაა.
          პაციენტს უნდა განემარტოს,რომ იმპლანტაციის შემდეგ, ზოგიერთი სახის ჰიგიენური საგნების და საშუალებების გამოყენება, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად დაუშვებელია.
      თითოეულმა პაციენტმა უნდა იცოდეს,რომ იმპლანტატის გარემომცველი ქსოვილების სიჯანსაღე განაპირობებს იმპლანტატის  „სიცოცხლისუნარიანობას"  ხანგრძლივი დროის განმავლობაში და იმპლანტაციის შემდგომი პროთეზირების ფუნქციური და ესთეტიური შედეგების სტაბილურობას.

მითია თუ რეალობა-მოსაზრება:"ღრძილების დაავადებები არ იკურნება"

   
 პაროდონტის დაავადებათა წარმატებული მკურნალობა დამოკიდებულია რამდენიმე აუცილებელ წინაპირობაზე:
1.პაციენტის მაღალი მოტივაცია;
2.ზუსტი დიაგნოზის დასმა;
3.პროგნოზის განსაზღვრა,როგორც მთლიანი კბილთა მწკრივის,ასევე ცალკეული კბილისთვის;
4.მკურნალობის სრული და თანამიმდევრული გეგმის შედგენა;

    ექიმი-პაროდონტოლოგის მიერ სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელი გამოკვლევების ჩატარება,ყველა არსებული ობიექტური მონაცემის,ხელშემწყობი და რისკ-ფაქტორების გაანალიზება და სწორად შეფასება-აი,ესაა ის საკვანძო ეტაპი,რომლის გარეშეც ეფექტური მკურნალობის იმედი არ უნდა გვქონდეს,ამიტომაა,რომ დაავადების სიმპტომები ისევ მალე ბრუნდება,ან გარკვეული დროის შემდეგ ერთბაშად "დამძიმებული"მდგომარეობის სახით იჩენს თავს.
    უნდა ვიცოდეთ,რომ დაავადების სრული განკურნება თუ ხანგრძლივად სტაბილიზაციის ფაზაში გადაყვანა,სწორედ ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებზეა დამოკიდებული და რომელიმე მათგანის უგულებელყოფა განაპირობებს უშედეგო ან არაეფექტურ მკურნალობას.

არის თუ არა პაროდონტიტი საშიში დაავადება

მიუხედავად იმისა,რომ დაავადების საწყის სტადიაზე,რომელიც რამდენიმე წელი გრძელდება,ადამიანს თითქოსდა არაფერი აწუხებს,ღრძილებიდან იშვიათი სისხლდენის გარდა,დაავადება თანდათან პროგრესირებს და,როგორც ვთქვით,კბილების მორყევამდე და დაკარგვამდე მივყევართ.
 გარდა ამისა,მატულობს სხვადასხვა ზოგადი დაავადების აღმოცენებისა ან უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების დამძიმების რისკები.ესენია:გულ-სისხლძარღვთა,კუჭ-ნაწლავთა,რეპროდუქციული სისტემის დაავადებანი,დიაბეტი.პაროდონტიტი უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობის მიმდინარეობაზე და სხვა.აღნიშნულ საკითხებზე ცალკე სტატიაში ვისაუბრებ.

როგორია პაროდონტიტის განვითარების გზები

   პაროდონტიტი-ესაა ყველაზე ხშირი მიზეზი კბილების დაკარგვისა.
   პაროდონტიტის საწყის და არაშორსწასულ სტადიებზე,მკურნალობით შესაძლებელია ანთებითი პროცესის შეჩერება,დაშლილი ქსოვილების რეგენერაციისთვის გარკვეული ხელსაყრელი პირობების შექმნა და დაავადების სტაბილიზაცია.
   წინააღმდეგ შემთხვევებში,კბილის საყრდენი და გარემომცველი ქსოვილების პროგრესირებადი დაშლის შედეგად,კბილი თანდათან მოირყევა და ბოლოს თავისით ამოვარდება კბილბუდიდან.

რა განსხვავებაა გინგივიტსა და პაროდონტიტს შორის

    რა არის პაროდონტი,სად მდებარეობს იგი და რა ფუნქციას ასრულებს,უკვე მიმოვიხილეთ.ღრძილიც ასევე პაროდონტის შემადგენლობაში შედის,მაშასადამე არსებობს ცალკე ღრძილის ანთება,ანუ გინგივიტი და არსებობს პაროდონტის ყველა ქსოვილის(ღრძილის,კბილის ფესვის ირგვლივი ბოჭკოვან-იოგოვანი აპარატის და კბილბუდის ძვლოვანი ქსოვილის)ანთება-ანუ პაროდონტიტი.


გინგივიტი-ესაა მხოლოდ ღრძილის ანთება,მოიცავს მხოლოდ ღრძილის ქსოვილს.ამ სტადიაზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კბილ-ღრძილოვანი მიმაგრება,ანუ პათოლოგიური ჯიბეები ამ დროს არ არსებობს.
  გინგივიტი შექცევადი დაავადებაა.შესაძლებელია მისი სრული განკურნება.
 



პაროდონტიტი-ესაა როგორც ღრძილის,ასევე კბილის ფესვის გარემომცველი ყველა ქსოვილის(მათ შორის კბილბუდის ძვლოვანი ქსოვილის)ანთებითი დაავადება,რის გამოც თანდათან იშლება კბილის საყრდენ-საფიქსაციო აპარატი და ხდება კბილის მორყევა.

Saturday, 29 November 2014

როგორ მკურნალობენ ღრძილების ანთებას(გინგივიტს)

ღრძილების ანთების მკურნალობა მოიცავს:
-პირის ღრუს პროფესიულ ჰიგიენას-კბილების ზედაპირიბიდან ნადებებისა და ქვების სრულფასოვან მოცილებას,რომელიც სტომატოლოგთან უნდა ჩატარდეს;
-ანთებითი პროცესის მკურნალობას;
-გამომწვევი მიზეზების დადგენასა და მათ აღმოფხვრას;
-პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვას რეციდივის თავიდან აცილების მიზნით;
    ბევრ შემთხვევაში ხარისხიანად ჩატარებული ჰიგიენური წმენდა და პაციენტის მიერ ექიმის რეკომენდაციების დაცვა საკმარისია გინგივიტის უკუგანვითარებისთვის.
   ზოგ შემთხვევაში,გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით(თანკბილვის ანომალიები,ჰორმონალური დარღვევები და სხვა),საჭიროა დამატებითი კონსულტაციები.
   რაც შეეხება მკურნალობას,ანთებითი პროცესის ლიკვიდაციის მიზნით,დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე,შესაძლოა დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული პრეპარატები,ზოგადად ან ადგილობრივად.
   გახსოვდეთ,რომ პრეპარატების დანიშვნა თვითნებურად ან ახლობლების რჩევით-დაუშვებელია.
   დღესდღეობით,ღრძილების ანთებას წარმატებით მკურნალობენ ოზონოთერაპიის მეშვეობით,ხოლო ეროზიულ და წყლულოვან გინგივიტებს დენტალური ლაზერების
საშუალებით.
   გინგივიტის სრული განკურნება შესაძლებელია,ხოლო ხანგრძლივად მისი არსებობა გარდაუვალ საშიშროებას ქმნის,უკვე შეუქცევადი დაავადების-პაროდონტიტის,განვითარებისთვის.


რა იწვევს გინგივიტს ანუ ღრძილების ანთებას

   
       ზოგადი მიზეზები,ანუ ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობიდან გამომდინარე:
1.ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება,რაც შესაძლოა გამოწვეულ იქნას გადატანილი ინფექციური დაავადებების,სტრესის,არაბალანსირებული კვების(ხანგრძლივი დიეტები) შედეგად;
2.ჰორმონალური დარღვევები;
3.კუჭ-ნაწლავის,გულ-სისხლძარღვთა და სხვა ორგანოთა დაავადებანი;

    ადგილობრივი მიზეზები:
1.პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა;
2.თანკბილვის ანომალიები და დეფორმაციები;
3.მრავლობითი კარიესული ღრუების არსებობა კბილებზე
4.ცუდად მორგებული ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები(გვირგვინები,ხიდები,ბრეკეტ-სისტემები და სხვა

ღრძილების ანთების მთავარი,უშუალო მიზეზია კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები.სწორედ ამ ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსინები იწვევს ანთებით პროცესს.ზემოთჩამოთვლილი მიზეზები კი პირდაპირ ან ირიბ ზეგავლენას ახდენს ანთებითი პროცესის სიმძიმეზე და მიმდინარეობაზე.
ცალკე ყურადღების საგანია-ღრძილების ანთება გარდატეხის,ანუ სქესობრივი მომწიფების ასაკში,რაზეც ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ.

სისხლდენა ღრძილებიდან

ღრძილებიდან სისხლდენა ალბათ ყველა ადამიანს შეუმჩნევია და დამეთანხმებით,მეტად არასასიამოვნოა.
    -სისხლდენა შესაძლოა,გამოხატული იყოს მხოლოდ კბილების გამოხეხვის დროს და ისიც იშვიათად,თუმცა თუ იგი პერიოდულად მეორდება,ნუ მოადუნებთ ყურადღებას,მიმართეთ პაროდონტოლოგს,რადგან დროული კონსულტაცია და რეკომენდაციები თავიდან აგაცილებთ მომავალში უფრო დიდ პრობლემებს.
    -თუკი სისხლდენა კბილების გამოხეხვისას თითქმის მუდმივად შეიმჩნევა,ეს უკვე გამოხატულ ანთებით პროცესზე მიგვანიშნებს და ნაცნობ-მეგობრების რჩევებით თვითმკურნალობას ნუ შეეცდებით,საჭიროა პაროდონტოლოგის დახმარება.
   -როდესაც სისხლდენები იმდენად ინტენსიურია,რომ საკვების ღეჭვისას ან უმიზეზოდაც შეიმჩნევა,ნუ დააყოვნებთ,რადგან,შესაძლოა,არა მარტო გინგივიტის,არამედ ანემიის მკურნალობაც გახდეს საჭირო.
  ღრძილებიდან სისხლდენის მიზეზები არც ისე მცირერიცხოვანია,ამიტომ პაროდონტოლოგთან დროული კონსულტაცია აუცილებელია.

გინგივიტი

გინგივიტი ანუ ღრძილის ანთება-ესაა პაროდონტის დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული და გვხვდება უპირატესად ბავშვებში,მოზარდებსა და ახალგაზრდა,30 წლამდე ასაკის ადამიანებში.
გინგივიტის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალრიცხოვანია,როგორც ზოგადი,ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,ასევე ადგილობრივი,პირის ღრუში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.
გინგივიტის ძირითადი სიმპტომებია:
-სისხლდენა ღრძილებიდან,
-მათი შეწითლება და შეშუპება,
-არაიშვიათად აღინიშნება არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან.
ძალიან ბევრი ახალგაზრდა სათანადო ყურადღებას არ უთმობს ამ სიმპტომებს,ქრონიკული გინგივიტი კი თანდათანობით პროგრესირებს და ანთებითი პროცესი ღრძილებიდან შესაძლოა გავრცელდეს კბილის მიმდებარე სხვა ქსოვილებზე,მათ შორის კბილბუდის ძვლოვან ქსოვილზე და განვითარდეს შეუქცევადი პათოლოგიური პროცესები კბილის გარემომცველ საყრდენ ქსოვილებში.
არსებობს კატარული,ჰიპერტროფიული და წყლულოვანი გინგივიტები,რომელთაც ცალკე მიმოვიხილავთ.
ყველაზე ხშირად გვხვდება სწორედ კატარული გინგივიტი,რომლისთვისაც დამახასიათებელია ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები,თუმცა არც ისე იშვიათად იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია დამახასიათებელი ობიექტური ნიშნების აღმოჩენა.

რატომ ვითარდება ღრძილების ანთება

როგორც უკვე აღვნიშნეთ,კბილების ზედაპირებზე არსებული მიკრობული ნადებები და კბილის ქვები წარმოადგენს სხვადასხვა მიკრობთა მრავალრიცხოვან გროვებს.
ბაქტერიები თავიანთი ცხოველქმედების პროცესში გამოყოფენ ტოქსინებს-"შხამებს",რომელთა ზეგავლენა ღრძილის ქსოვილებზე იწვევს ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის,ანუ იმუნური რეაქციების გაძლიერებას,რის შედეგადაც ვითარდება ანთებითი პროცესი.
დაავადების სიმძიმის ხარისხი,მიმდინარეობა,სიმპტომური გამოვლინება დამოკიდებულია ბაქტერიათა სახეობებზე,ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე და გარკვეულ რისკ-ფაქტორებზე.
არსებობს მრავალი ხელშემწყობი მიზეზი,როგორც ზოგადი,ანუ ორგანიზმის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა,ასევე ადგილობრივი,ანუ პირის ღრუში არსებული რიგი ფაქტორები(რომლებზედაც ცალკე ვისაუბრებთ),მაგრამ უმთავრესი და უშუალო მიზეზი ღრძილების ანთებითი დაავადებებისა-ესაა მიკრობები

ასე გამოიყურება ბაქტერიები მიკროსკოპში

რა არის პაროდონტის დავადებათა უშუალო მიზეზი

ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუში ბინადრობს 500-ზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმი.უმეტესი მათგანი სრულიად უვნებელია.არასაკმარისი ჰიგიენის გამო,ადგილობრივი თუ ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითებისას,ბაქტერიების რაოდენობა მატულობს,მატულობს "საშიშ" ბაქტერიათა რიცხვიც.
პაროდონტის ანთებითი დაავადების უშუალო მიზეზია-კბილების ზედაპირებზე დაგროვილი ბაქტერიული ნადები-კბილის "ბალთა".
ბაქტერიული ნადები თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იქნა მოცილებული,მასში ხდება ნერწყვიდან მინერალური კომპონენტების,მაგ:კალციუმის,ჩალაგება და ასე წარმოიქმნება კბილის ქვა.
კბილის ქვები იზრდება როგორც კბილის გვირგვინის ზედაპირის გასწვრივ,ასევე ღრძილების მიმართულებით კბილის ფესვისკენ.დროთა განმავლობაში კბილსა და ღრძილს შორის არსებული კავშირი ანუ კბილ-ღრძილოვანი მიმაგრება ირღვევა და
ჩნდება ე.წ.ჯიბეები.ეს ჯიბეები იდეალურ სასიცოცხლო სივრცეს ქმნიან ბაქტერიების გამრავლებისთვის.ამის შემდეგ პროცესი შეუქცევადი ხდება.
დასკვნა:ბაქტერიული ნადების გარეშე ვერც გინგივიტი,ვერც პაროდონტიტი ვერ განვითარდება.

რა არის პაროდონტი?

ალბათ ბევრმა ადამიანმა არ იცის,რა არის პაროდონტი,სად მდებარეობს იგი,ან რა ფუნქციას ასრულებს.
მოდით გავერკვეთ!
პაროდონტი ეს არის კბილის საყრდენი აპარატი,ქსოვილების ერთობლიობა,რომელიც კბილს აფიქსირებს კბილბუდეში,ზრუნავს,რომ ჩვენმა კბილებმა მყარი და სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნონ,როგორც ვიზუალურ-ესთეტიურად,ასევე ფუნქციურადაც.
პაროდონტის შემადგენლობაში შედის:
-კბილბუდის ანუ ალვეოლის ძვლოვანი ქსოვილი(თითოეულ კბილს ყბის ძვალში თავისი საკუთარი ძვლოვანი ბუდე-ალვეოლა აქვს);
-კბილის ფესვი და ფესვის მთელ სიგრძეზე არსებული ბოჭკოვან-იოგოვანი ქსოვილი,რომლითაც ფესვი კბილბუდის ძვლოვან ქსოვილზეა მჭიდროდ მიმაგრებული;
-ღრძილი.რომელიც გარედან ფარავს კბილბუდეებს და ყბის ძვლოვან ქსოვილს;

რამდენად ხშირად გვხვდება "ღრძილების" ანუ პაროდონტის დაავადებანი?


  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით,დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის 90-95% და ბავშვთა ასაკის 80% აღენიშნება პაროდონტის ესა თუ ის დაავადება.
   პაროდონტის ყველა დაავადების უდიდეს ნაწილს,95%-მდე,წარმოადგენს ანთებითი ხასიათის დაავადებანი,როგორებიცაა გინგივიტი და პაროდონტიტი.
   ძალიან ხშირად საწყის სტადიებზე ეს დაავადებანი უსიმპტომოდ,შეუმჩნევლად მიმდინარეობენ,მოგვიანებით თავს იჩენენ იმდენად სუსტად გამოხატული სიმპტომები,რომ ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს მათ და ექიმს მიმართავს მაშინ,როდესაც უმეტეს შემთხვევაში დაავადების სრული განკურნება და ან ხანგრძლივი დროით სტაბილიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჯანმრთელია თუ არა თქვენი ღრძილები?

     განვითარებულ ქვეყნებში სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი წელიწადში 1-2-ჯერ,მიღებული და დამკვიდრებული ნორმაა.ჩვენს ქვეყანაში,სამწუხაროდ,რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო,თითქმის არ არსებობს ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტის კულტურა.
     შესაბამისად,სანამ თქვენს სტომატოლოგს ეწვევით,რამდენიმე ქვემოთჩამოთვლილ კითხვას გაეცით პასუხი:
1.ხომ არ გაწუხებთ თუნდაც პერიოდულად,კბილების გამოხეხვისას ღრძილებიდან სისხლდენა?
2.ხომ არ შეგინიშნავთ ღრძილების ფერისა და ფორმის ცვლილებანი?(ნორმაში-ღრძილი ღია ვარდისფერია და მჭიდროდ ეკვრის გარს კბილების ზედაპირს)
3.ხომ არ უჩივით უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან?
4.ხომ არ აღენიშნებათ თქვენი ოჯახის წევრებს(მშობლები,და-ძმა)კბილების ნაადრევი მორყევა ან დაკარგვა?
5.ხომ არ უჩივით საკვების ღეჭვისას დისკომფორტს,ან ქავილის და წვის შეგრძნებას ღრძილებში?
6.ხომ არ შეგიმჩნევიათ,რომ კბილებმა თითქოს დგომა შეიცვალეს,გადანაცვლდნენ ან მათ შორის არსებული მანძილები გაიზარდა?
7.ხომ არ შეგიმჩნევიათ,რომ ღრძილებმა თითქოს ზოგიერთ კბილთან "დაიწია" და კბილის ყელი გაშიშვლდა?
8.ხომ არ შეგიმჩნევიათ კბილებზე მოყვითალო ან მუქი ფერის ნადებები?
    თუ ზემოთჩამოთვლილი კითხვებიდან ერთზე მაინც თქვენი პასუხი არის "დიახ",მაშინ გირჩევთ,დროულად მიმართოთ სტომატოლოგ-პაროდონტოლოგს კონსულტაციისთვის.