არც ასე მარტივადაა საქმე.ვთქვათ.გვესაჭიროება ტელევიზორი.ძნელი წარმოსადგენია,რომ რომელიმე ჩვენგანმა დავრეკოთ მაღაზიაში და ვიკითხოთ-რა ღირს ტელევიზორი?ამ შემთხვევაში ჩვენ მინიმუმ ის მაინც ვიცით,რა ზომის ტელევიზორი გვჭირდება,ბრენდებშიც ვერკვევით და,ასე თუ ისე,ტექნიკურ მახასიათებლებშიც.ამის მიუხედავად,ერთ კონკრეტულ ფასს ტელეფონზე ვერავინ დაგვისახელებს...მშვენივრად ვიცით,რომ უნდა თავად მივიდეთ მაღაზიაში,გავესაუბროთ კონსულტანტებს და ამის შემდეგ უკვე ბევრად უფრო კონკრეტული წარმოდგენა გვექნება-თუ რა ღირს ჩვენთვის საჭირო ტელევიზორი.
მაშინ რატომ ხდება,რომ დენტალური იმპლანტების გაცილებით რთული,გაუგებარი მონაცემების(ზომა,ბრენდი,მახასიათებლები) მიუხედავად,ადამიანი რეკავს ტელეფონზე რეგისტრატორთან(რომელიც ასევე ვერ ერკვევა ზემოთ ჩამოთვლილში იმ მარტივი მიზეზით,რომ იგი ექიმი არაა და მით უმეტეს,არც ქირურგი-იმპლანტოლოგია) და ითხოვს ერთი კონკრეტული ფასის დასახელებას?
რა თქმა უნდა,მსოფლიოში საუკეთესო იმპლანტოლოგებიც ვერ გიპასუხებენ ტელეფონით,"მარცხნივ ზედა ყბაზე რომ 2 თუ 3კბილი გაკლიათ",რამდენი იმპლანტი დაგჭირდებათ,ან მთლიანობაში რა თანხა დაგიჯდებათ.
ტელევიზორის არ იყოს,არც ხელოსნებს ეკითხებით ტელეფონით,მანქანა რომ გაგიფუჭდათ ან სახლში იატაკია გამოსაცვლელი,წინასწარ გითხრათ ერთი კონკრეტული ფასი.ის იცით,რომ პარკეტის დაგებამდე შეიძლება "სტიაჟკა"გახდეს გასაკეთებელი და ასე შემდეგ....
მაშინ რატომ გგონიათ,რომ თუ იმპლანტის "ჩასმა" გადაწყვიტეთ,მისი ფასის ცოდნით თქვენ სრული დანახარჯის დათვლას შეძლებთ?
იქნებ თქვენს ყბის ძვალში არ არის საკმარისი "ადგილი" იმპლანტის მოსათავსებლად?მაშინ საჭირო გახდება არც ისე იაფად ღირებული ძვლის პლასტიკისა თუ სხვა სახის ოპერაცია,რამაც საბოლოო ჯამში იმპლანტატის ტელეფონით გაგებულ ფასს 2-5 ჯერ შეიძლება გადააჭარბოს.ასე შეიძლება გაჩნდეს მოარული აზრები,რომ თითქოს ტელეფონით ფასს ერთს ამბობენ და ქირურგმა-იმპლანტოლოგმა კი კონსულტაციაზე სხვა თანხა დაასახელა.
საინტერესოა,მართლაც ატყუებენ ხალხს?ან როგორ გაიგოს იმპლანტაციის ფასი დაინტერესებულმა ადამიანმა?
გასაგებია,რომ პოტენციურ პაციენტს აინტერესებს საერთო თანხა,რა დაუჯდება მთლიანობაში,რომ მას ყბის უკბილო მიდამოში ჰქონდეს კბილები და არა ამისთვის საჭირო ცალკეული ეტაპების ფასები.
დენტალური იმპლანტაცია მართლაც რამდენიმე ეტაპს მოიცავს,პირველი ამ ეტაპებიდან არის ე.წ. მოსამზადებელი პერიოდი-კონსულტაცია,დიაგნოსტიკა-რენტგენოგრაფიული და კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით და დაგეგმარება.
ხომ არ სჯობია,დაინტერესებული პაციენტი,ტელეფონით თუ ინტერნეტსაიტებზე უამრავი კითხვების დასმის ნაცვლად,ჩაეწეროს ქირურგ-იმპლანტოლოგთან კონსულტაციაზე,გაიაროს აუცილებელი დიაგნოსტიკა და მისი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე გაიგოს ფასები და სრული მოსალოდნელი დანახარჯის ოდენობაც?
მე მგონი,ეს გაცილებით კომფორტულია და შესაბამისად მეტად ინფორმატიული,ვიდრე ქალაქის 20 კლინიკაში დარეკვა და ფასების გაგება.
P.S.ჩემი აზრით,პაციენტისთვის იმპლანტის ფასებზე მეტად საინტერესო უნდა იყოს ქირურგ-იმპლანტოლოგის და ორთოპედ-იმპლანტოლოგის კვალიფიკაცია,იმიტომ,რომ დღეს თბილისში იმპლანტაციის ფასები სხვადასხვა კლინიკებში,რადიკალურად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
No comments:
Post a Comment