Tuesday, 16 December 2014

რა საჭიროა პირის ღრუს პროფესიული წმენდა სტომატოლოგთან?

ყველამ კარგად ვიცით,თუ რა მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ჰიგიენას კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის,მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის,რატომაა საჭირო სტომატოლოგთან პროფესიული ჰიგიენის ჩატარება წელიწადში 1-2 ჯერ.
ბევრი ჩვენთაგანი დიდ ყურადღებას უთმობს ჯაგრისის,კბილის პასტის სწორ შერჩევას,კბილების სისტემატურ გამოხეხვას,მაგრამ ბევრმა არ იცის,რომ მხოლოდ ეს პროცედურა არაა საკმარისი,რომ სრულად იქნეს კბილის ნადები მოცილებული.არის ჯაგრისისთვის ძნელად მისაწვდომი ადგილები(კბილთაშუა სივრცეები,ღრძილის ჯიბეები),სადაც ნადები თანდათან გროვდება,მინერალიზდება და წარმოიქმნება კბილის ქვები.გარდა ამისა,სხვადასხვა პროდუქტები(ჩაი,ყავა,სხვა ფერადი პროდუქტები) და
ნიკოტინი(მწეველებში)ხელს უწყობს განსაკუთრებით ძნელად მოსაცილებელი ნადების წარმოქმნას.სარკის წინ,კარგი განათების პირობებში თუ დავათვალიერებთ ჩვენს კბილებს,დავინახავთ,რომ იდეალური სისუფთავე კბილებზე ნამდვილად არ შეინიშნება.
რას აზიანებს კბილის ნადებები და ქვები?ამაზე პასუხი მედიცინაში სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანისთვისაც ადვილად გასაგებია:
1.ნადებები და ქვები ესთეტიურად მიმზიდველი ნამდვილად არაა.კბილის მინანქარი კარგავს ბზინვარებას,შორიდანაც კარგად ჩანს მუქი ფერის ლაქები და ზოლები კბილის ზედაპირებზე;
2.ნადებები დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიათა გროვებს და მაშასადამე,კბილის მინანქარი და ღრძილის ქსოვილები განიცდის ამ ბაქტერიათა მუდმივ მავნე ზემოქმედებას.ნადების ქვეშ მინანქარი დემინერალიზდება და ჩნდება კარიესი;
3.ღრძილები ხდება ანთებადი,რადგან ნადებში არსებული ბაქტერიების გამუდმებული ზემოქმედება იწვევს ანთებით პროცესს.შემდგომი პროგრესირებისას უკვე ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები,რაც საფრთხეს უქმნის კბილის საყრდენ ძვლოვან ქსოვილს და მომავალში კბილების მორყევის საფუძველი ხდება;
4.ნადებები და ქვები იწვევს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან,რაც არა მარტო სამედიცინო,არამედ უკვე სოციალური პრობლემაა;
დღეს ბევრი ადამიანი დიდ ყურადღებას უთმობს თავის მოვლას.დადის სალონებში,ესთეტიურ ცენტრებში,სპორტდარბაზებში,იტარებს ათასგვარ პროცედურას და რატომღაც ბევრს არ ახსენდება პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის აუცილებლობა.
სამწუხაროდ,პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა,რომ ბევრ ადამიანს,რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ კარგად გამოიყურებოდნენ,პირის ღრუს ჰიგიენა,რბილად რომ ვთქვათ,სავალალო მდგომარეობაში აქვთ.
კითხვაზე-"როდის ჩაიტარეს უკანასკნელად პროფესიული წმენდა?".პასუხები ძირითადად ასეთია: "არასდროს ჩამიტარებია","აღარ მახსოვს,ალბათ 4-5 წლის წინ","2 წლის წინ"....სამწუხაროდ,ადამიანების მხოლოდ  10% დადის რეგულარულად სტომატოლოგთან პროფესიული ჰიგიენის ჩატარების მიზნით.
და ბოლოს,პირის ღრუს ჰიგიენა არა მარტო ესთეტიური მიზნითაა აუცილებელი,არამედ პირველ რიგში- სამედიცინო თვალსაზრისით,რათა თავიდან ავიცილოთ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა.
ამიტომ,ჯანმრთელი კბილების და ღრძილების შემთხვევაში,პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს წელიწადში 1-2 ჯერ.
რაც შეეხება პათოლოგიურ სიტუაციებს(თანკბილვის ანომალია,ღრძილების უკვე არსებული დაავადება,მრავლობითი კარიესები),ამ დროს წმენდის სიხშირე ექიმის რეკომენდაციაზეა დამოკიდებული.

7 ძირითადი შეცდომა,რასაც კბილების გამოხეხვის დროს ვუშვებთ:

1.ხანმოკლე გამოხეხვა.
ბევრი ადამიანი კბილების გამოხეხვას უთმობს დაახლოებით 1 წუთს.ასეთ ნაჩქარევ გამოხეხვას არ შეუძლია პირის ღრუს სრულფასოვანი ჰიგიენის შენარჩუნება.პროცედურა უნდა იყოს აუჩქარებელი,გულმოდგინე და გრძელდებოდეს 3 წუთი.
2.არასწორად შერჩეული დრო.
ბევრი ადამიანი გაღვიძებისთანავე,საუზმემდე იხეხს კბილებს.გამოხეხვა საჭიროა დღეში 2-ჯერ,დილის საუზმის შემდეგ და ძილის წინ.
3.კბილების გახეხვა უპირატესად ჰორიზონტალური მოძრაობებით.
ჯაგრისის მოძრაობა უნდა იყოს წრიული და ნახევრად წრიული,წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დავიზიანოთ კბილის მინანქარი და ღრძილები.
4.მხოლოდ ლოყისკენა და საღეჭი ზედაპირების გახეხვა.
საჭიროა ყველა ზედაპირის თანაბარი დამუშავება,მათ შორის ენისკენა და სასისკენა ზედაპირების.
5.რბილი ჯაგრისის შერჩევა.
რბილი ანუ Soft ტიპის ჯაგრისი მხოლოდ ღრძილების ან ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს ინიშნება ხანმოკლე დროით.მისი მუდმივი გამოყენებისას დიდი რაოდენობით გროვდება კბილის ნადებები და ქვები.
6.უხეში ჯაგრისის შერჩევა.
უხეში ანუ Hard ტიპის ჯაგრისის გამოყენებაც ასევე ხანმოკლე დროითაა შესაძლებელი.მისი მუდმივი გამოყენებით შეიძლება დავიზიანოთ კბილის მინანქარი და ღრძილები.თუ ექიმის რეკომენდაცია არაა,საჭიროა საშუალო სიხისტის-Medium ჯაგრისის გამოყენება.
7.ერთი და იმავე ჯაგრისის გამოყენება 3 თვეზე მეტხანს.
ბევრი ადამიანი ჯაგრისის გამოცვლაზე ფიქრს იწყებს მაშინ,როდესაც იგი უკვე საგრძნობლად დეფორმირდება,რაც არასწორია.ჯაგრისის შეცვლა საჭიროა 1-3 თვეში ერთხელ.

Thursday, 11 December 2014

მოქმედებს თუ არა კბილების დაკარგვა გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე

 
     თითოეული ადამიანი ზრუნავს თავის გარეგნობაზე და ცდილობს,მიმზიდველად გამოიყურებოდეს,ამისთვის ხარჯავს ბევრ დროს და ფულს,დადის სპორტდარბაზებში,სალონებში,ესთეტიკურ ცენტრებში,ზრუნავს ჩაცმულობაზე,ვარცხნილობაზე და ძალიან ხშირად ავიწყდება,რომ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია კარგი გარეგნობისათვის.
    ბევრმა არ იცის,რომ კბილების დაკარგვა გავლენას ახდენს სახის ოვალზე,სიმეტრიაზე,იწვევს ნაოჭებისა და კანის ნაკეცების მატებას.
    არაჯანსაღი ღრძილები და კბილები ესთეტიურად ნამდვილად არაა მიმზიდველი,ჩნდება უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან,ასეთ დროს ადამიანი იძულებული ხდება,მოარიდოს მოსაუბრეს სახე,ღიმილის დროს დაიფაროს ხელი პირზე...ჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები,რასაც ბევრი ადამიანი ვერც აცნობიერებს...
    ზოგი თვლის,რომ მთავარია ჰქონდეს წინა კბილები და თუკი საღეჭ მიდამოში კბილები არ აქვს ან ამოსაღები აქვს რამდენიმე,დიდი ტრაგედიაა არაა,მაინც არ ჩანს...
რა ხდება ფუნქციური თვალსაზრისით ამ დროს?
     ყველამ კარგად ვიცით,რომ არსებობს კბილთა ჯგუფები:წინა-საჭრელები და უკანა-საღეჭები,თითოეულ კბილს თავისი ფუნქციური დატვირთვა გააჩნია.წინა კბილებით ვკბეჩთ საჭმელს,უკანა და გვერდითი კბილებით ვღეჭავთ.გვერდით და უკანა ჯგუფის კბილებს გააჩნიათ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია-ისინი ინარჩუნებენ თანკბილვის სიმაღლეს და მაშასადამე,სახის ქვედა ნაწილის ფორმასა და სიმეტრიას განაპირობენ. 2,3 ან მეტი კბილის დაკარგვა ამ მიდამოებში და იცვლება სახის ფორმა,კანის მდგომარეობა(სიმკვრივე),ჩნდებაა ნაოჭები და ნაკეცები ცხვირ-ტუჩის მიდამოში,ტუჩის კუთხეებში,თვალებთან,ქვედა ყბის ქვეშ.
    სახე ვიზუალურად იმატებს ასაკს და ვერავითარი ძვირაღირებული გამაახალგაზრდავებელი პროცედურები შედეგს ვერ მოიტანს,სანამ მიზეზს არ შევებრძოლებით.
     გარდა გარეგნობისა,კბილების დაკარგვა გავლენას ახდენს მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.კბილების უმთავრესი ფუნქცია ხომ საჭმლის დაქუცმაცებაა.კბილების დაკარგვა მკვეთრად აუარესებს საკვების გადამუშავებას პირის ღრუში,რაც უარყოფითად აისახება კუჭ-ნაწლავთა სისტემის გამართულ მუშაობაზე და იმუნურ სისტემაზე.
    კბილების დაკარგვა მოქმედებს მეტყველების გამართულობაზეც,იცვლება ზოგიერთი ბგერის წარმოთქმა.
   და ბოლოს,საკუთარი კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე დროული ზრუნვა გაცილებით უფრო მომგებიანია ყველა თვალსაზრისით,ვიდრე შემდგომ დაკარგული კბილების აღდგენა.

Wednesday, 10 December 2014

რა ღირს იმპლანტაცია?

ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმის კლინიკის საიტებზე და კიდევ უფრო ბევრი რეკავს კლინიკის რეგისტრატორებთან იმ იმედით,რომ მოისმინოს ერთი კონკრეტული რიცხვი,თუმცა სამწუხაროდ,ზუსტ და კონკრეტულ თანხას ვერავინ უსახელებს.პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს: პირველი ეტაპი-იმპლანტის ჩასმა X ლარიდან,ხოლო მეორე ეტაპი-იმპლანტზე გვირგვინი Y ლარიდან.აქ ბევრს პაციენტს უჩნდება კითხვა:"ანუ ერთად X+Y ლარი?
არც ასე მარტივადაა საქმე.ვთქვათ.გვესაჭიროება ტელევიზორი.ძნელი წარმოსადგენია,რომ რომელიმე ჩვენგანმა დავრეკოთ მაღაზიაში და ვიკითხოთ-რა ღირს ტელევიზორი?ამ შემთხვევაში ჩვენ მინიმუმ ის მაინც ვიცით,რა ზომის ტელევიზორი გვჭირდება,ბრენდებშიც ვერკვევით და,ასე თუ ისე,ტექნიკურ მახასიათებლებშიც.ამის მიუხედავად,ერთ კონკრეტულ ფასს ტელეფონზე ვერავინ დაგვისახელებს...მშვენივრად ვიცით,რომ უნდა თავად მივიდეთ მაღაზიაში,გავესაუბროთ კონსულტანტებს და ამის შემდეგ უკვე ბევრად უფრო კონკრეტული წარმოდგენა გვექნება-თუ რა ღირს ჩვენთვის საჭირო ტელევიზორი.
     მაშინ რატომ ხდება,რომ დენტალური იმპლანტების გაცილებით რთული,გაუგებარი მონაცემების(ზომა,ბრენდი,მახასიათებლები) მიუხედავად,ადამიანი რეკავს ტელეფონზე რეგისტრატორთან(რომელიც ასევე ვერ ერკვევა ზემოთ ჩამოთვლილში იმ მარტივი მიზეზით,რომ იგი ექიმი არაა და მით უმეტეს,არც ქირურგი-იმპლანტოლოგია) და ითხოვს ერთი კონკრეტული ფასის დასახელებას?
     რა თქმა უნდა,მსოფლიოში საუკეთესო იმპლანტოლოგებიც ვერ გიპასუხებენ ტელეფონით,"მარცხნივ ზედა ყბაზე რომ 2 თუ 3კბილი გაკლიათ",რამდენი იმპლანტი დაგჭირდებათ,ან მთლიანობაში რა თანხა დაგიჯდებათ.
      ტელევიზორის არ იყოს,არც ხელოსნებს ეკითხებით ტელეფონით,მანქანა რომ გაგიფუჭდათ ან სახლში იატაკია გამოსაცვლელი,წინასწარ გითხრათ ერთი კონკრეტული ფასი.ის იცით,რომ პარკეტის დაგებამდე შეიძლება "სტიაჟკა"გახდეს გასაკეთებელი და ასე შემდეგ....
     მაშინ რატომ გგონიათ,რომ თუ იმპლანტის "ჩასმა" გადაწყვიტეთ,მისი ფასის ცოდნით თქვენ სრული დანახარჯის დათვლას შეძლებთ?
     იქნებ თქვენს ყბის ძვალში არ არის საკმარისი "ადგილი" იმპლანტის მოსათავსებლად?მაშინ საჭირო გახდება არც ისე იაფად ღირებული ძვლის პლასტიკისა თუ სხვა სახის ოპერაცია,რამაც საბოლოო ჯამში იმპლანტატის ტელეფონით გაგებულ ფასს 2-5 ჯერ შეიძლება გადააჭარბოს.ასე შეიძლება გაჩნდეს მოარული აზრები,რომ თითქოს ტელეფონით ფასს ერთს ამბობენ და ქირურგმა-იმპლანტოლოგმა კი კონსულტაციაზე სხვა თანხა დაასახელა.
     საინტერესოა,მართლაც ატყუებენ ხალხს?ან როგორ გაიგოს იმპლანტაციის ფასი დაინტერესებულმა ადამიანმა?
      გასაგებია,რომ პოტენციურ პაციენტს აინტერესებს საერთო თანხა,რა დაუჯდება მთლიანობაში,რომ მას ყბის უკბილო მიდამოში ჰქონდეს კბილები და არა ამისთვის საჭირო ცალკეული ეტაპების ფასები.
      დენტალური იმპლანტაცია მართლაც რამდენიმე ეტაპს მოიცავს,პირველი ამ ეტაპებიდან არის ე.წ. მოსამზადებელი პერიოდი-კონსულტაცია,დიაგნოსტიკა-რენტგენოგრაფიული და კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით და დაგეგმარება.
ხომ არ სჯობია,დაინტერესებული პაციენტი,ტელეფონით თუ ინტერნეტსაიტებზე უამრავი კითხვების დასმის ნაცვლად,ჩაეწეროს ქირურგ-იმპლანტოლოგთან კონსულტაციაზე,გაიაროს აუცილებელი დიაგნოსტიკა და მისი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე გაიგოს ფასები და სრული მოსალოდნელი დანახარჯის ოდენობაც?
      მე მგონი,ეს გაცილებით კომფორტულია და შესაბამისად მეტად ინფორმატიული,ვიდრე ქალაქის 20 კლინიკაში დარეკვა და ფასების გაგება.

P.S.ჩემი აზრით,პაციენტისთვის იმპლანტის ფასებზე მეტად საინტერესო  უნდა იყოს ქირურგ-იმპლანტოლოგის და ორთოპედ-იმპლანტოლოგის კვალიფიკაცია,იმიტომ,რომ დღეს თბილისში იმპლანტაციის ფასები სხვადასხვა კლინიკებში,რადიკალურად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

Monday, 8 December 2014

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან-როგორ ვებრძოლოთ?

წინა სტატია ჰალითოზის გამომწვევ მიზეზებს ეხებოდა,აქ კი მოგაწვდით ინფორმაციას აღნიშნული პრობლემის მკურნალობისა და რეკომენდაციების შესახებ.
პირველი ეტაპი-ესაა ვიზიტი სტომატოლოგთან,რომელიც დაწვრილებით ანამნეზს შეაგროვებს,რის შემდეგაც სავარაუდო მიზეზები გამოიკვეთება.
თუ ჰალითოზის გამომწვევი მიზეზი პირის ღრუში არსებულ პრობლემებს უკავშირდება,პაციენტს ესაჭიროება სრული სანაცია:
-კბილებისა და ღრძილების დაავადებების მკურნალობა;
-პირის ღრუს პროფესიული წმენდა;
-ნერწყვის გამოყოფის სტიმულაცია;
-ინდივიდუალური ჰიგიენისთვის ჯაგრისის,პასტის,ხსნარების შერჩევა;
-რეკომენდირებულია პირის ღრუს ირიგატორის შეძენა;
-კვებითი რაციონის კორექცია;
სასურველია კბილების გამოხეხვის დროს ენის ზედაპირის გახეხვაც,რისთვისაც ზოგ ჯაგრისს დამატებითი ფუნქციური ზედაპირი გააჩნია.
სავლების სახით მცენარეული ნახარშების თვითნებური გამოყენება არ არის რეკომენდირებული.ზოგიერთი მათგანი ნერწყვის სეკრეციას ამცირებს,რაც დაუშვებელია.
ექიმის შერჩევით,უპირატესობა ენიჭება ანტიმიკრობულ ან სპეციალურად ჰალითოზისთვის რეკომენდირებულ ხსნარებს.
დადებითი ეფექტი აქვს ირიგატორის გამოყენებას.წყლის ჭავლი კარგად ასუფთავებს კბილთაშუა ზედაპირებს,ორთოპედიული კონსტრუქციის ყველა სივრცეს,რაც ჯაგრისისთვის მიუწვდომელია,აკეთებს ღრძილების მსუბუქ მასაჟს.
ზოგჯერ ანამნეზიდან ირკვევა,რომ სავარაუდო მიზეზი სხვა ორგანოთა სისტემას უკავშირდება(იხილეთ სტატია:ჰალითოზის მიზეზები),ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან,მაგრამ,მიუხედავად ამისა,ჰალითოზთან ბრძილის პირველი და აუცილებელი ეტაპი პირის ღრუს სანაციაა.

P.S.დადგენილია,რომ ყნოსვის შეგრძნება მამაკაცებს უკეთ აქვთ განვითარებული,ვიდრე ქალებს.შემთხვევითი არაა,რომ ღვინოების,ჩაის,სუნამოების არომატების დეგუსტატორები ძალიან ხშირად მამაკაცები არიან,

პარადოქსი №2

ისევ მცირეოდენი გადახვევა ძირითადი თემიდან.
ერთ შემთხვევას გავიხსენებ პირადი ისტორიებიდან :)
ყველას მოგეხსენებათ,რომ ბევრ ადამიანს ყავს "თავისი"(ვისთანაც მუდმივად დადის) პარიკმახერი,მემანიკურე,მანქანის ხელოსანი და ასე შემდეგ....
მეც მყავს "ჩემი" მანიკურის სპეციალისტი,რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს ვესტუმრე,საუბარში გამოირკვა,რომ მთავაზობს მანიკურის ისეთ ტექნოლოგიას,რომელზეც მანამდე არაფერი მსმენოდა.როგორც გამოირკვა,განსხვავება ისაა,რომ დიდი ხანი ძლებს.
-მაინც რამდენი?-დავინტერესდი მე.
   -თუ მოუფრთხილდები,ერთ თვემდე უნდა გაძლოს-მპასუხობს
   -და რა ღირს?-ისევ მე.
თანხას არ დავასახელებ,მხოლოდ ვიტყვი,რომ მისი ღირებულება საქართველოში ადამიანის დღევანდელ  საარსებო მინიმუმზე ოდნავ ნაკლებია :)
   -არიან მსურველები?-ვეკითხები მე
   -კი,როგორ არა,ბევრს უნდა-მპასუხობს.
გადის ერთი დღე და "ჩემი" მანიკურის სპეციალისტი ტელეფონზე მირეკავს:
  -თანამშრომლის დამ წინა კბილი მოიტეხა და დღესვე უნდა ამოშენება,თქვენს კლინიკაში ხომ კეთდება?
  -კი,მაგრამ დღესვე არცერთ ექიმს არ სცალია-ვპასუხობ მე.
  -კარგი,ხვალისთვის ჩაწერონ იქნებ,მაგრამ მოიცა,რა ღირს?-მეკითხება.
თანხას არ დავასახელებ ისევ,მაგრამ იმაზე ნაკლები,ვიდრე ის განსაკუთრებული ტექნოლოგიის მანიკური ღირს,თუ მოუფრთხილდები,1 თვემდე რომ ძლებს...:)
  -უიმე რა ძვირიაა!-მესმის გაოცებული შეძახილი და შემდეგ დუმილია.ეტყობა ფასის ამბავი გადასცა...:)
  -და გარანტია რამდენი წელი აქვს?-უცებ მეკითხება
....დასკვნები თავად გააკეთეთ...:)


-


პარადოქსი №1

 
 მართალია,ჩემი ბლოგი პაროდონტოლოგიას ეხება,მაგრამ მკითხველი არ მიწყენს,თუკი მცირეოდენი გადახვევებიც იქნება აღნიშნული თემატიკიდან,ამიტომ
  ამ ბანალურ,გარკვეულწილად ირონიულ საკითხებს"პარადოქსების"სათაურებით მიმოვიხილავ.
   ყველას კარგად მოეხსენება,რამდენ მოთხოვნას უნდა უპასუხოს სტომატოლოგის მიერ ჩატარებულმა მანიპულაციამ:
-ბჟენი(ხალხურად:პლომბი) უნდა იყოს გამძლე ათეულობით წელი;
-სტომატოლოგთან მკურნალობის ეფექტი ისეთი უნდა იყოს,რომ მას(პაციენტს) აღარასოდეს შეაწუხოს არცერთმა სიმპტომმა;
-ხელოვნური გვირგვინი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ძლებდეს;
-ექიმი უნდა იყოს ისეთი,რომ მისი(პაციენტის) ჩამოშლილ,"გაუბედურებული"კბილების მიუხედავად,სასწაულები მოახდინოს;
და ეს ყველაფერი აუცილებლად:იაფად და სწრაფად!!!

როგორი უნდა იყოს ექიმი-სტომატოლოგი:(ზოგი პაციენტის თვალით):
-პაციენტისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი:
აგვტკივდა კბილი?მაშინვე მიგვიღოს,წინასწარი ჩაწერის გარეშეც;
-გულისხმიერი:
გაგვიჩნდა კითხვა ან შეგვაწუხა ოდნავ რამემ?მიგვიღოს ასევე ჩაწერის გარეშე,დაგვითმოს ნახევარი საათი,დაგვითვალიეროს პირის ღრუ,აგვიხსნას დეტალურად ყველა კბილის მდგომარეობა,გვიპასუხოს,რამდენი კითხვაც არ უნდა დავუსვათ;
ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა,უფასოდ.(სტომატოლოგის დრო არაფერი არ ღირს)
 ....და ეს ყველაფერი არაა,ასე ძალიან შორს წავალთ...:)